საფულის ძალა: როგორ იხსნა ფულმა ივანიშვილის რეჟიმი

„ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს გაჩენილი ბზარები შესაძლოა არ ემუქრებოდეს რეჟიმის საფუძვლებს, თუმცა ისინი მიუთითებენ იმ სისტემის სუსტ წერტილებზე, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად შექმნა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისი ცალმხრივად აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, რამაც პოლიტიკურ სპექტრში გაურკვევლობა და აღშფოთება გამოიწვია. ეს განცხადება არა მხოლოდ უდროო, არამედ არასწორად გათვლილიც ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, ის მიმართავდა საზოგადოებას, რომლის ეროვნულ ცნობიერებაშიც ღრმად არის გამჯდარი პროევროპული განწყობები და დემოკრატიული რეფორმებისა თუ დასავლეთთან დაახლოებისკენ სწრაფვით განპირობებული სახალხო პროტესტების ისტორია.

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, თავი დაეღწია შიდა უკმაყოფილებისა და საერთაშორისო დაგმობისგან შემდგარი ორმაგი კრიზისისთვის.

რა განაპირობებს სისტემის ასეთ გამძლეობას? საზოგადოებამ ხომ არ დაკარგა ინტერესი დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის იდეის მიმართ? თუ ხელისუფლებამ ისწავლა განსხვავებული აზრის ჩახშობა უფრო ეფექტიანად? შესაძლოა, ორივე მოსაზრებაში იყოს სიმართლის მარცვალი, თუმცა ვერცერთი მათგანი სრულად ვერ ხსნის იმას, რასაც თბილისში ვხედავთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკონომიკა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. თუმცა, წარსულის მსგავსად, მიმდინარე მოვლენების ძირითად პოლიტიკურ ანალიზში ეკონომიკას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

იმის გასაგებად, თუ რატომ გადარჩა „ქართული ოცნება“, ფულის კვალს უნდა გავყვეთ.

დიახ, იმის გასაგებად, თუ რატომ გადარჩა „ქართული ოცნება“, ფულის კვალს უნდა გავყვეთ. ხოლო ფულის კვალის გასაყოლად, უნდა გავარკვიოთ ურთიერთობების ის რთული და სულ უფრო გაუმჭვირვალე ქსელი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, არაფორმალურ ფიგურებსა და ბიზნეს-ელიტებს აკავშირებს — სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჩრდილქვეშ ჩამოყალიბდა და შენარჩუნდა; ოლიგარქისა, რომლის გავლენაც ბოლო 13 წლის განმავლობაში განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს.

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობა საქართველოში

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ეკონომიკა უფრო პოლიტიკის მსხვერპლი იყო, ვიდრე მისი მამოძრავებელი ძალა. შიდა კონფლიქტებმა და სახელმწიფო ინსტიტუტების კრახმა ქვეყნის ეკონომიკა ნანგრევებად აქცია. 1991-1993 წლებში მშპ თითქმის ორი მესამედით შემცირდა, რაც თანამედროვე ისტორიაში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო. 1995 წლისთვის დაწყებული აღდგენის პროცესი ეფუძნებოდა ფისკალურ გამკაცრებასა და პრივატიზაციას — ზომებს, რომლებსაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უჭერდნენ მხარს. საქართველო ასევე იქცა მნიშვნელოვან რგოლად ნახშირწყალბადების მილსადენების პროექტებში, რომლებიც თურქეთისა და ევროპის კასპიის რეგიონთან დაკავშირებას ისახავდა მიზნად. თუმცა, ფესვგადგმულმა კორუფციამ, ორგანიზებულ დანაშაულსა და სუსტ მმართველობასთან ერთად, შეაფერხა ეკონომიკური ზრდა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოუგვარებელი რჩებოდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ბიუჯეტის მძიმე დეფიციტი, გაუცემელი ხელფასები და უმუშევრობის მაღალი დონე.

საბოლოოდ, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით საზოგადოების უკმაყოფილებამ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, რასაც მოჰყვა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიით შთაგონებულმა სააკაშვილის მთავრობამ კორუფციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო; პარალელურად, შემცირდა ადმინისტრაციული ტვირთი და მინიმუმამდე დავიდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. უფრო მოქნილმა და ნაკლებად კორუმპირებულმა მთავრობამ, ისევე როგორც ინვესტორებისთვის ხელსაყრელმა რეგულაციებმა, ხელი შეუწყო მშპ-სა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, თუმცა ამ პროცესის შედეგები მოსახლეობის ფართო ფენებამდე ნელა აღწევდა. მიუხედავად ამისა, საქართველომ შთამბეჭდავი მოქნილობა გამოავლინა 2006 წლის რუსული ემბარგოსა და 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგების დაძლევის პროცესში.

თუმცა, ფინანსური რესურსების ზრდასთან ერთად გაჩნდა ცდუნება, ეს სახსრები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის საწყისი წლებიდან არსებული მრავალი ცნობა მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესსუბიექტებიდან თანხების ამოღება ხდებოდა. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა კონკრეტული ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ზოგიერთ კომპანიას ხელისუფლება პირდაპირ ითრევდა თანამშრომლობაში და პოლიტიკური ლოიალობისა თუ წინასაარჩევნოდ გაღებული სოლიდური შემოწირულებების სანაცვლოდ, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე პრივილეგირებულ წვდომას სთავაზობდა.

2012 წელს განხორციელდა ხელისუფლების დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემა, რამაც ახალი პერსპექტივები გააჩინა, მათ შორის — ეკონომიკის სფეროშიც. მიუხედავად იმისა, რომ შენარჩუნდა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი ამ ცვლილებამ (და, შესაძლოა, ჯანდაცვის ხარისხის კუთხით მანამდე განხორციელებულმა გაუმჯობესებებმაც) გარკვეული შედეგები გამოიღო: შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებლები, მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილისთვის კი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მშპ ზომიერი ტემპით იზრდებოდა, ხოლო ხარჯების ზრდამ — 2010-იანი წლების შუა პერიოდში განვითარებულ გარე შოკებთან ერთად — ქვეყნის ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია.